ალტ ტექსტი

მრავალი ხმა ერთი სამშობლო

„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ კამპანიაა, რომლის მიზანია, აჩვენოს, რომ მიუხედავად განსხვავებულობისა, სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი ყველას გვაერთიანებს, რომ სამშობლოს სიყვარულის მრავალი გზა არსებობს, თუმცა ეს გზა არასოდეს გულისხმობს მტერთან თანამშრომლობას. ამგვარად, არ უნდა მივცეთ ეროვნულ სიმბოლოებს ამოფარებულ პრორუსულ ჯგუფებს პატრიოტიზმის მითვისების შესაძლებლობა.

კამპანიის საჭიროება კიდევ უფრო მწვავედ გამოჩნდა პატრიოტული მოტივების საფარქვეშ რადიკალური პრორუსული ჯგუფების მიერ აგრესიული და დამაზიანებელი პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელების ფონზე.

კამპანიის ფარგლებში, კრეატიულმა სააგენტო „ლივინგსტონმა“ და კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის, ერთმანეთისაგან ჟანრობრივად, ასაკითა
თუ მსოფლმხედველობით განსხვავებული 6 არტისტი შეკრიბა. გიორგი უშიკიშვილი და თამადა, ნატო მეტონიძე და დავით ჯიქია, ერეკლე დეისაძე და ნინო ბაშარული – ასე დაწყვილდნენ მომღერლები, რომლებმაც, კამპანიისთვის „მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ სამი სიმღერა შექმნეს და დუეტები ჩაწერეს.

არტისტებმა, თავიანთი თანამშრომლობით, ერთი მხრივ, აჩვენეს, რომ განსხვავებულობა, იქნება ეს იდეოლოგიური თუ კულტურული, ისევე ჰარმონიულად შეიძლება შეირწყას, როგორც ქართული პოლიფონია. ხმათა და აზრთა მრავალფეროვნებას კი შეუძლია შექმნას ჰარმონია.

კამპანიის პრეზენტაცია ‘დედაენის ბარში’ შედგა. სამივე მუსიკალური კლიპისა და მუსიკოსთა ინტერვიუების მოსმენა ფართო აუდიტორიას კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის Youtube გვერდზე შეუძლია.  კამპანიის ფარგლებში შექმნილი სიმღერები სხვადასხვა რადიო სადგურებისა და ტელევიზიების მეშვეობით რამდენიმე თვის განმავლობაში ვრცელდებოდა.

 

ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.