ახლა, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ წინ წავიწიეთ, მივიყვანოთ საქმე ბოლომდე

08 ნოემბერი, 2023

საქართველო ევროკავშირის წევრობას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის განცხადებით, ევროკომისიის დადებითი  შეფასება ადასტურებს, რომ ევროპელი მოკავშირეები საქართველოს ადგილს ევროპულ ოჯახში ხედავენ.  

კოალიცია ინფორმაციის სანდოობის წევრი ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის განცხადებით, ევროკომისიის პასუხი, არის დასტური იმისა, რომ კომისია ხედავს და აფასებს საქართველოს მოქალაქეების ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი.  

"ევროპულ ოჯახში დაბრუნება საკმაოდ რთული გზა აღმოჩნდა თაობებისთვის, ამ გზას თან ახლდა მრავალი გამოწვევა, წარმატება თუმარცხი. ამ გზაზე ხშირი იყო აზრთა სხვადასხვაობა, ურთიერთბრალდება და დაპირისპირება, მიუხედავად ამისა, საქართველოს მოქალაქეებს არასოდეს შეუწყვეტიათ სვლა დასახული მიზნისკენ. მიღებული სტატუსი ამ ბრძოლის შედეგია და ეს დღე ეკუთვნის ხალხს.“ - აცხადებს დოლიძე, რომლიც განმარტავს, რომ დღეიდან საქართველომ აქტიურად უნდა იმუშაოს ყველა იმ საკითხის გაუმჯობესებაზე, რომელიც ევროკომისიამ რეკომენდაციის სახით მისცა ქვეყანას: „ახლა არის რეფორმების დრო, ახლა საქმის ბოლომდე მიყვანაა საჭირო.“ 

ქმედითი ნაბიჯების გადადგმასა და ერთიან ძალისხმევაზე ამახვილებს ყურადღებას კოალიციის კიდევ ერთი წევრი ორგანიზაციის, „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მელაშვილი, მისი თქმით, ეს დღე უნდა იქცეს ახალი ათვლის წერტილად იმ გასატარებელი სამუშაოებისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობით უნდა დაგვირგვინდეს. მისივე განმარტებით, რეფორმების თვალსაზრისით საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას, შესაბამისად, სამუშაოც მეტი აქვს. 

„ვიზიარებთ ჩვენი მეგობრების, უკრაინისა და მოლდოვას სიხარულს ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე. ეს დიდი დღეა ჩვენი უკრაინელი და მოლდოველი პარტნიორებისთვის. ჩვენ ხშირად განვიხილებოდით სამეულად, თუმცა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველოს ბევრად მეტი აქვს გასაკეთებელი ევროკავშირის წევრობისთვის, ამიტომ უნდა დავაჩქაროთ რეფორმების პროცესი და ისევ გავხდეთ ამ სამეულის ლიდერი. ყველა მხარემ პოლიტიკური ბრალდებების ნაცვლად, აქტიურად უნდა იმუშაოს იმ რეკომენდაციების შესასრულებლად, რომელიც საქართველომ ევროკომისიისგან მიიღო,“ - აცხადებს მელაშვილი.  

 

 

სარეგისტრაციო ფორმა

It should contain at least one upper-case letter and number.
It should contain at least one upper-case letter and number.
It should contain at least one upper-case letter and number.
It should contain at least one upper-case letter and number.
ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.