IDFI: რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში
კვლევის ქავერ ფოტო
IDFI: რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში
11 ივნ 2023

რუსეთის მავნე გავლენა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კვლავ განსაზღვრავს რეგიონის მწვავე გამოწვევებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში. ჰიბრიდული ომი, რომელსაც რუსეთი წლების განმავლობაში აწარმოებს, მოიცავს ამა თუ იმ ქვეყნის სუსტ წერტილებზე, კოორდინირებული მოქმედებებით დარტყმას. საქართველოს შემთხვევაში, ერთ-ერთი სუსტი წერტილი ქვეყნის ეკონომიკური სექტორის მოწყვლადი მდგომარეობაა.  მიუხედავად იმისა, რომ რუსული ჰიბრიდული ომი, მისი სტრატეგიები და დეზინფორმაციული ნარატივები დიდი ხანია დისკუსიის საგანია, საქართველოში ბიზნესის სხვადასხვა სფეროში რუსული გავლენის კვლევას ჯერ კიდევ აკლია განახლებული, ემპირიული მტკიცებულებები. კრემლი დიდი ხანია იარაღად იყენებს ისეთ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია კორუფციასთან და ფულის ბრუნვასთან როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკაში. ეს ნიშნავს, რომ კორუფციული პრაქტიკის ექსპორტი მიზანმიმართულად გამოიყენება დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებისა და დესტაბილიზაციისთვის, განსაკუთრებით – გარდამავალი დემოკრატიის სისტემის მქონე ქვეყნებში. კონტრდეზინფორმაციული აქტივობები გასცდა მხოლოდ მედიის ჩარჩოებს და აღიარებს ფულსა და ბიზნესს, როგორც მავნე გავლენისა და საშუალებების ძირითად ვექტორებს არაწრფივი/ არასწორხაზოვანი ომის ინსტრუმენტებში. 

ასეთი ტიპის კავშირებისა და გავლენის გამოაშკარავება მნიშვნელოვანია, რადგან ეს ზეგავლენა ხშირად სცდება ბიზნესის საზღვრებს და ვრცელდება მედიაზე, პოლიტიკაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და მასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ზოგადად, ბიზნესი დაკავშირებულია სოციალურ-პოლიტიკურ აქტორებთან და გავლენას ახდენს საზოგადოების აღქმასა და გრძელვადიან დამოკიდებულებებზე. ასეთი მჭიდრო კავშირების გამოკვლევა - პოლიტიკურ, სამოქალაქო და მედია აქტორებსა და ბიზნესკომპანიებს შორის, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეები ფლობენ, აუცილებელია იმისათვის, რომ გავიგოთ რუსულ კაპიტალზე დამოკიდებულების ხარისხი ქართულ ბიზნესსა და სტრატეგიულ სფეროებში (რაც შეიძლება, გარკვეულწილად, ემუქრებოდეს ქვეყნის უსაფრთხოებას).

კვლევის - “რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში” - მესამე ეტაპის ფარგლებში, IDFI-მ განახორციელა სამშენებლო სექტორის, მსხვილი ინვესტიციების, ტურიზმის/სასტუმრო მომსახურებისა და საგზაოსატრანსპორტო გადაზიდვების კვლევა. ამ შემთხვევაშიც შემოწმდა საშუალო და დიდი ზომის კომპანიები. ამ კუთხით, IDFI გასცდა კვლევის მეთოდოლოგიას, რადგან აღნიშნულ სექტორებზე მნიშვნელოვანი იყო იმ გავლენების კვლევა, რაც 2022 წელს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის ორმა ტალღამ გამოიწვია. უკრაინასთან ომის დაწყებისა, (2022 წლის მარტი) და შემდგომში ე.წ. “ნაწილობრივი მობილიზაციის” შემდეგ (2022 წლის ოქტომბერი), საქართველოში ასობით ათასი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, რომელთა ნაწილი ქვეყანაში დარჩა. ამან დიდი გავლენა იქონია მესამე ეტაპზე მიმოხილულ სექტორებზე, რაც კვლევაში არის აღწერილი. კვლევაში ასევე მოცემულია განახლებული ინფორმაცია 2023 წლის აპრილის მონაცემებით.

ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.